საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფი დაფუძნდა. პირველი შეხვედრა, რომელიც ქუთაისში გაიმართა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო რუხაძემ, ქუთაისის მერთან, იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, გახსნა. თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფი თვითმმართველი ქალაქების გამოწვევებთან, საჭიროებებთან, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიებისა და მრავალდონიანი დიალოგის წარმოების მიზნით შეიქმნა.
როგორც გამომსვლელებმა განაცხადეს, აღნიშნული პლატფორმით შეიქმნა დამატებითი ფორმატი, რომელიც ორიენტირებული იქნება თვითმმართველ ქალაქებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციურ დიალოგზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ერთიანი ხედვისა და საჭიროებების აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავებას.
სესიები, რომლებსაც ნინო რუხაძე უწევდა მოდერაციას, დეცენტრალიზაციის საკითხებზე, მათ შორის დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულების პროცესში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და არსებულ საჭიროებებზე დისკუსიებს დაეთმო. თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებით დეცენტრალიზაციის შემდგომი ნაბიჯების განხილვისას მუნიციპალიტეტების მერებმა საკუთარი ხედვები, წინადადებები და ინიციატივები საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, მერაბ ქვარაიასთან ერთად განიხილეს.
ფისკალური დეცენტრალიზაციისა და ტურისტული მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებით კი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გოგი მეშველიანთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მაია ომიაძესთან ერთად დეტალური მსჯელობა გაიმართა.
ჯგუფის წევრებმა ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ ჯანდაცვის პროგრამების თანადაფინანსების სქემებიც მიმოიხილეს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ირინე ჯავახაძემ წარმოადგინა.
შეხვედრის დასასრულს სხდომის წევრები სამუშაო ჯგუფის მუშაობის პრინციპებზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
თვითმმართველი ქალაქების მერებთან და მათ მოადგილეებთან ერთად, ფართომასშტაბიან შეხვედრაში თბილისის საკრებულოს, მერიის საქალაქო სამსახურების, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები; ასევე, ათეა-ს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.