სარეაბილიტაციო პროექტებზე სასაუბროდ და სკვერის საპროექტო დოკუმენტაციის ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის წევრ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად ვაკის რაიონის მაცხოვრებლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული და თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. მისი თქმით, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო ამჟამად ვაჟა-ფშაველას III კვარტალში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ლიფტების განახლება, სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების მონტაჟი იგეგმება.
„ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-16 მიმდებარედ გარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 21-ე და ასევე 23-ე კორპუსებთან მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, შიდა ეზოებში კი გზის საფარის და სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება. სამუშაოს მთლიანი ღირებულება 68 000 ლარს შეადგენს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.