დღეს თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, ასევე თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრი ოთარ გრიგოლია, თბილისის საკრებულოს წევრები ლევან აბაშიძე და ვლადიმერ ბოჟაძე საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდნენ.
კონგრესის კომიტეტის წევრებთან და თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ქართულმა მხარემ კონგრესის კომიტეტის წარმომადგენლებს ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული ვითარება დეტალურად გააცნო. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებზე. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერენ მხარს. კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია თბილისს დღეს დატოვებს.