თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, საბჭოს წევრებმა, ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს", ეროვნული სკრინინგ ცენტრის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა თავისუფლების მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი" შეკრეს, რომელიც სიმბოლურად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება.
მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და სიმბოლურად მას „ვარდისფერ ოქტომბერს" უწოდებენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო საინფორმაციო კამპანიას „შენი სიცოცხლე შენს ხელშია", რომელიც იმართება ქალთა ონკოლოგიური დაავადებების ცნობადობის ამაღლების მიზნით, უკვე მეოთხე წელია სხვადასხვა აქტივობით უერთდება. ცოცხალი ჯაჭვის მიზანი კი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლებაა.
„თბილისის საკრებულო ტრადიციულად უერთდება ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. საინფორმაციო კამპანიის „ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია" მთავარი მიზანია რაც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს სკრინინგ პროგრამების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. კამპანიის მანძილზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უამრავი აქტივობა. ჩვენ გვინდა ვუთხრათ ძალიან ბევრ ქალს, რომ კიბო განაჩენი არ არის", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
„ვარდისფერი ოქტომბერი" მსოფლიო მასშტაბით 1997 წლიდან აღინიშნება.