თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებს სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ ,,მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დღესვე, კომისიის სხდომაზე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „მდგრადი ურბანული მობილობა საქართველოში” პროექტის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ იმსჯელეს.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა, საკრებულოს ნებართვის მისაღებად, კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს(KfW) შორის პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა საქართველოში” გასაფორმებელი ხელშეკრულება წარუდგინა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, პროექტი თბილისში გონიერი სატრანსპორტო სისტემის (ITS) მდგრადი სატრანსპორტო და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის მიღებას ითვალისწინებს.
მისი მიზანი კი, თბილისის საგზაო მოძრაობის მართვისა და სატრანსპორტო საშუალებების კლიმატის დაცვის მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სათბურის გაზების (GHG) ემისიების შემცირების წინაპირობების შექმნას და ამით სატრანსპორტო სისტემის კლიმატისა და გარემოს თავსებადობის გაუმჯობესებას.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.