თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა „თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №4-7 დადგენილებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. ცვლილების შედეგად იზრდება საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია - 19 270,0 ათასი ლარით. საკითხი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავამ წარადგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი წარუდგინა. მათ შორის, ცვლილება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რის შედეგადაც დაკორექტირდა პარკირების წესი „A“ კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელთათვის.
დაზუსტდა, რომ ტაქსის ლიცენზიის ნებართვის გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადაში იგულისხმება ნებართვის გაცემის დღიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე არსებული დღე.
დღესვე, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა საკითხი სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) შესახებ.
ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს 201 პატრულ-ინსპექტორისათვის უფასო მგზავრობის უფლების მინიჭების საკითხი.
წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე იმსჯელებენ.