თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 9 459,1 ათასი ლარით იზრდება და 1 833 083,6 ათას ლარს შეადგენს.
კომისიის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებებიც განიხილეს და შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიების გამოყენების საკითხები შეათანხმეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ალმას“ შორის გაფორმებულ „ფეხით გადასასვლელი ხიდების მშენებლობის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და დედაქალაქის მთავრობის შესაბამისი განკარგულება და საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი განიხილეს.
სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.