თბილისის საკრებულოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ისნის რაიონში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე რამდენიმე კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდნენ. გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ნუმერაციისა და მისამართის აღმნიშვნელი აბრების განთავსების პროცესი იწყება.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ნინო ვარდოსანიძის განცხადებით თბილისში სამისამართო აბრების განთავსების პროცესი განახლდა.
„ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მისამართის აღმნიშვნელი აბრები დამონტაჟდეს ყველა ქუჩაზე და არცერთი სახლი არ დარჩეს მისამართის გარეშე. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საჯარო რეესტრის, საკრებულოს და მერიის შესაბამისი სამსახურების სინქრონულად მუშაობას. ქეთევან დედოფლის გამზირზე რეაბილიტაციის პარალელურად მოხდება თანამედროვე ნუმერაცია და აბრების განთავსება. აღსანიშნავია, რომ არსებობს მისამართები, რომლებსაც ახალი ნუმერაციის შემდგომ შეეცვლება ნომრები, ამ პროცესში წინასწარ ვახდენთ მოქალაქეთა ინფორმირებას და გვინდა მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველვყოთ თვითმმართველობის განხორციელება, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გაუგებრობები“, - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.
სამისამართო სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გამზირის ნუმერაციის პროექტი გააცნეს და მზაობა გამოთქვეს მოქალაქეთა ისეთი მოსაზრებების გაზიარებასთან დაკავშირებით, რომლებიც კანონთან წინააღმდეგობაში არ იქნება.
საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, კახა ლაბუჩიძემ გამზირის ნუმერაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატის განცხადებით, ქეთევან დედოფლის გამზირი რაიონში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია და სამისამართო ცვლილებების საჭიროება უპირველესად შეუქმნის კომფორტს ისნის რაიონის მოსახლეობას და ამავდროულად სწორი დამისამართება ხელს შეუწყობს ტაქსისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურების ოპერატიულობას და მისამართებზე მიგნების სიმარტივეს. კახა ლაბუჩიძემ თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
ისნის რაიონის გამგებელმა ნიკოლოზ ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში ისნის რაიონის გამგეობის აქტიური ჩართულობა, რომელთა მხარდაჭერით მსგავს პრობლემებზე ოპერატიული რეაგირებაა შესაძლებელი, რაც ისევ და ისევ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.