თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. განცხადებები გაკეთდა როგორც საკრებულოს უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. როგორც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 19 მილიონ 270 ათასი ლარით იზრდება და მისი მთლიანი მოცულობა მილიარდ 455 მილიონ ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტი საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდირების პროგრამას მოხმარდება.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე ლაშა მაჭავარიანის და თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ქეთევან შუბითიძის დანიშვნებს მხარი დაუჭირეს. ორი კანდიდატი თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა. კანდიდატურების წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამტკიცების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა მერიის საქალაქო სამსახურების ახალ ხელმძღვანელებს წარმატება უსურვეს.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს სხდომაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების შეთანხმების საკითხები განიხილეს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განსაკუთრებით გამოყო შპს „ქოზი ჰოუმ თბილისის“ არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხი. ამ ობიექტის ინვესტორი იყო შპს „ფენიქსი“, რომელმაც საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა და პასუხისგებაშია მიცემული. მისივე თქმით, კიდევ ერთი ობიექტია კომპანია „დიდგორი 2006“, რომელმაც ასევე ვერ შეასრულა მოვალეობები და პასუხისგებაშია მიცემული. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ამ ორი ობიექტი 350-მდე დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. დღესვე, საკრებულოს სხდომაზე შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმებასაც მხარი დაუჭირეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძემ საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი წარუდგინა. მათ შორის, ცვლილება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რის შედეგადაც დაკორექტირდა პარკირების წესი „A“ კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელთათვის. ამასთან, დაზუსტდა, რომ ტაქსის ლიცენზიის ნებართვის გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადაში იგულისხმება ნებართვის გაცემის დღიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე არსებული დღე. ასევე, განიხილეს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს 201 პატრულ-ინსპექტორისათვის უფასო მგზავრობის უფლების მინიჭების საკითხი.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
გარდა ამისა, იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ №14-39 დადგენილებაში ცვლილებები გააცნო საკრებულოს წევრებს. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ №39-18 დადგენილებაში ცვლილებები კი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში“ ცვლილებები და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები განიხილეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩების, სკვერების და ჩიხების სახელდების საკითხები გააცნო.
დედაქალაქის ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, ჩიხს და გასასვლელს საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელი მიენიჭება. საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქმევა ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რამდენიმე მებრძოლის, ჟურნალისტის, ფოტო და ტელერეპორტიორების სახელები თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე ქუჩებსა და სკვერებს მიენიჭება.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს მთაწმინდის რაიონში, წავკისში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის იუნკერის, საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ მათიკაშვილის სახელის მინიჭების საკითხს, ასევე სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პირველი მფრინავი ქართველი ქალის ფადიკო გოგიტიძის სახელის მინიჭების საკითხს.
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე უსახელო სკვერს ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭება, ხოლო ნაძალადევის რაიონში, შალვა კოხრეიძის ქუჩას სპორტსმენის ვლადიმერ რუბაშვილის სახელი დაერქმევა.