თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ, კამპანიის - ,,სტუდენტები თბილისის საკრებულოში“ ფარგლებში ორგანიზაციის „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ ახალგაზრდა წევრებს უმასპინძლა.
ორგანიზაცია „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოში. ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდების კოგნიტიური შესაძლებლობებისა და ლიდერული უნარების განვითარების ხარჯზე ძლიერი ახალგაზრდული გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, რომლის წევრებიც თავიანთი აქტიური ჩართულობით შეიტანენ პოზიტიურ წვლილს საქართველოს პროგრესული ევროპული მომავლის ფორმირებაში.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა გახდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის "ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება" - გამარჯვებული პროექტით "სტუდენტები სახელმწიფოს განვითარებისთვის".
თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გურამ ოქროპირიძე, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თამარ ჩახვაშვილი პროექტში მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.