თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, ხელშეწყობით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მრავალშვილიანი დედების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ორგანიზაციის „მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა" წევრების ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოიფინა, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
„თბილისის საკრებულომ მრავალშვილიანი დედების ხელით შექმნილი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ მრავალშვილიან დედებს, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობის განვითარებისა და უკეთ წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ეს ორგანიზაცია ათასობით მრავალშვილიან დედას აერთიანებს. თბილისის საკრებულო აგრძელებს თანამშრომლობას ამ ორგანიზაციასთან და მომავალშიც არაერთ ერთობლივ ღონისძიებას გავმართავთ მათ მხარდასაჭერად", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გამოფენაზე მრავალშვილიანი დედების ხელით სხვადასხვა ნედლეულისა და მასალის გამოყენებით შექმნილი აქსესუარები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ორიგინალური და მრავალფეროვანი დეკორატიული ნივთები იყო წარმოდგენილი.
ორგანიზაცია, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია არსებობს, 25 ათასზე მეტ მრავალშვილიან დედას აერთიანებს.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები, მრავალშვილიანი დედების ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.