დიღმის მასივში მდებარე N19 საბავშვო ბაგა- ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა. შენობა, რომელიც ახალი სააღმზრდელო წლიდან ექსპლუატაციაში შევა, დღეს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმ,ა კახა ლაბუჩიძემ, თბილისის მერის მოადგილესთან, კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა აბულაძესთან ერთად, დაათვალიერა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ავეჯითა და სხვა აუცილებელი ინვენტარით აღჭურვა. ახალი ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია შშმ და ტექნიკური ლიფტები. კეთილმოწყობილია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები.
„ჩვენი ხედვა ბაღებთან მიმართებით უცვლელია. თითოეული ბაღი უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ შენობა-ნაგებობებში კომფორტული გარემო იქმნება, ეს კი აუცილებელია როგორც აღსაზრდელებისთვის, ისე ბაღებში მომუშავე პერსონალისთვის. საბავშვო ბაღების განახლება, მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და კვლავ გაგრძელდება“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
N19 საბავშვო ბაგა- ბაღის ახალი შენობა ასევე, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა და რაიონის გამგებელმა, ლადო ძნელაძემ დაათვალიერეს.